ანტონელო პალომბი მსოფლიო ვარსკვლავი ქუთაისს ეწვია

ანტონელო პალომბი მსოფლიო ვარსკვლავი ქუთაისს ეწვია

ქუთაისს მსოფლიო ვარსკვლავი ანტონელო პალომბი ეწვია. ცნობილ იტალიელ საოპერო ტენორს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში სახელმწიფო რწმუნებული იმერეთში ზვიად შალამბერიძე დახვდა.

პალომბი ქუთაისში რომიდან მეუღლესთან ერთად ჩამოვიდა. როგორც მან აეროპორტში განაცხადა, მას საქართველოზე, ასევე ქართულ კერძებზე ბევრი სმენია.

საოპერო ტენორის თქმით, მან კარგად იცის ქუთაისის ისტორია და ამ ქალაქის შესახებ ბევრი წაუკითხავს.

ანტონელო პალომბი 9 ნოემბერს, 21:00 საათზე, ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში ნინო სურგულაძის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ “ნატვრის ხის“ გალა-კონცერტში მიიღებს მონაწილეობას.

კონცერტში ასევე მონაწილეობენ ბულგარელი მეცო-სოპრანო ვესელინა კაზაროვა და პოლონელი ბანი რაფელ სივეკი, რომლებიც ქუთაისში ხვალ ჩამოვლენ.

გალა-კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ ასევე ნინო სურგულაძე, ანა ჭანია, ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრი და გუნდი, რომელსაც მაესტრო რევაზ ჯავახიშვილი უდირიჟორებს.

ღონისძიებიდან შემოსული თანხით იმერეთის რეგიონში მძიმედ დაავადებულ ბავშვებს დაეხმარებიან, რომლებსაც საზღვარგარეთ გადაუდებელი სამედიცინო დახმარება ესაჭიროებათ.

მსგავსი პოსტები