რა იქნება კორონავირუსის დასრულების შემდეგ?! – კრიზისის ანალიზი გია აბაშიძისგან

რა იქნება კორონავირუსის დასრულების შემდეგ?! – კრიზისის ანალიზი გია აბაშიძისგან

მაშინ, როდესაც ჩვენი ქვეყანა და მსოფლიო კორონავირუსის ინფექციას ებრძვის, ალბათ, საინტერესო იქნება – რა პროგნოზები აქვთ ანალიტიკოსებს. რა ბედი ელის საქართველოს ეკონომიკური და სოციალური მიმართულებით, როგორია საკითხის პრობლემატიკა და რა უნდა მოიმოქმედოს სახელმწიფომ ვირუსის დასრულების შემდეგ არსებული და მოსალოდნელი საფრთხეების თავიდან ასაცილებლად, ამის შესახებ ”მთავარ ამბებს” ანალიტიკოსი გია აბაშიძე ესაუბრა.

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება უპრეცედენტოდ კონსოლიდირებულად ებრძვის და მოსალოდნელ გართულებას სოციალური და ეკონომიკური კუთხით, თუმცა პესიმიზმის საფუძველი ნამდვილად არ არსებობს.

აბაშიძის განმარტებით, მიმდინარეობს მოლაპარაკებები და კონსულტაციები სხვადასხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან, რათა ჩვენი ქვეყანა შედარებით რბილად გამოვიდეს მოსალოდნელი ეკონომიკური გართულებებიდან.


გია აბაშიძის აზრით, გლობალურ პანდემიას ადამიანური ტრაგედიების გარდა, პოზიტიური მხარეებიც აქვს, რომელიც ადამიანების სახლში ყოფნით გამოწვეულმა ეკოსისტემის ცვლილებამ დაადასტურა.

” მიღებული უმწარესი გაკვეთილების, გამოცდილების შედეგად მსოფლიო ნამდვილად შეიცვლება. კონკრეტულად როგორ? ეს ჯერ უცნობია.COVID-19-მა მსოფლიოს დიდი ნაწილი სახლში გამოკეტა.

შეუძლებელია იმის ზუსტი პროგნოზირება, თუ რამდენ ხანს გაგრძელდება ამგვარად. საერთაშორისო ექსპერტთა ნაწილის ოპტიმისტური პროგნოზით, მეცნიერები რამდენიმე კვირაში თუ არა, რამდენიმე თვეში მოახდენენ გარღვევას შესაბამისი ვაქცინის შექმნაში. მედიკოსები კი როგორც საქართველოში, აშშ-ში, ჩინეთში თუ სხვააგან მიაღწევენ მეტ წარმატებებს მეტი პაციენტების განკურნებაში და პანდემიის შეკავებაში.

პლანეტის თითოეული მოსახლე კი პარალელურად ფიქრობს როგორც საკუთარ, ასევე მათი ქვეყნების ფინანსურ-ეკონომიკურ აწმყოსა და მომავალზე. მძიმე ეკონომიკური პროგნოზების გამო, ბევრი სახელმწიფო იღებს ზომებს, რომლებიც ეკონომიკის, ბიზნესის და შრომის ბაზრის მხარდაჭერაზეა ორიენტირებული. ზოგიერთ ქვეყანაში მთავრობები რიგითი მოქალაქეების მხარდაჭერასაც გეგმავენ. საქართველოს ხელისუფლება უპრეცედენტოდ კონსილიდირებულად და მართებულად ებრძვის არსებულ პრობლემას და მოსალოდნელ გართულებას სოციალურ-ეკონომიკური კუთხით. თუმცა, პესიმიზმის საფუძველი ნამდვილად არ არსებობს, რადგან მიმდინარეობს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან, მოლაპარაკებები, კონსულტაციები, რათა ჩვენი ქვეყანა შედარებით რბილად გამოვიდეს მოსალოდნელი ეკონომიკური გართულებებიდან. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, საქართველომ მკაფიოდ დაინახა მრავალი ქვეყნისა თუ საერთაშორისო ინსტიტუტის ჯეროვანი დახმარება. მსგავსი და უფრო უკეთესი ხელშეწყობა იქნება მომავალშიც.

მსოფლიოს უმდიდრესი ფინანსური ორგანიზაციები აცხადებენ, რომ საერთაშორისო სოლიდარობა და დახმარება აუცილებლად გაეწევა იმ ქვეყნებს, რომლებსაც ეს ძალიან დასჭირდება. ამასთან, იბადება არაერთი შეკითხვა. როცა ამ გლობალურ ახალ “შავ ჭირს“ დავამარცხებთ, როგორი იქნება პოსტ-ვირუსული მსოფლიო წესრიგი? როგორი იქნება მაგალითად ევროკავშირი, ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაცია, ნატო თუ სხვა საერთაშორისო წონადი აქტორი? გაგრძელდება თუ არა გლობალიზაცია თუ დიდი სახელმწიფოები აირჩევენ, საკუთარი თავის კიდევ უფრო ჩაკეტვის პოლიტიკას? ყოველ შემთხვევაში, ტრამპის პრეზიდენტობის პირობებში, ამერიკის შეერთებული შტატები კიდევ უფრო გააღრმავებს ქვეყნის დაცვისა და იზოლაციის პოლიტიკას. შეკითხვები ჩამოთვლილზე კიდევ უფრო ბევრია, პასუხები კი – დროებითი გაურკვევლობა.

ხუთი წლის წინათ, ამერიკელმა ბიზნესმენმა და ფილანთროპმა, კომპანია „მაიკროსოფტის“ დამფუძნებელმა, ბილ გეითსმა საჯაროდ გააფრთხილა მსოფლიო, რომ გლობალური პანდემია გარდუვალი იყო და საჭირო იყო არა ბირთვული, მესამე მსოფლიო ომისთვის მზადება, არამედ მეცნიერების, ჯანდაცვის სისტემის ჯეროვანი მომზადება. სამწუხაროდ, მისი გაფრთხილება/წინასწარმეტყველება ყურად არ იღეს, სავალალო შედეგებიც სახეზეა – პირბადეების, რესპირატორული აპარატების და სხვა მედიკამენტების გლობალური დეფიციტი. მიღებული უმწარესი გაკვეთილების, გამოცდილების შედეგად მსოფლიო ნამდვილად შეიცვლება. კონკრეტულად როგორ? ეს ჯერ უცნობია. დრო და ვითარება, საზოგადოებების მოთხოვნები წარმოაჩენს. დამკვიდრდება ეპოქალური განსხვავებაც – მსოფლიო კორონავირუსამდე და მის შემდეგ.

ბევრ ქვეყანას და უწინარესად, საქართველოს მოუწევს გადახედოს საკუთარი ეკონომიკის პროფილს, მიმართულებებს. მეტი ყურადღება უნდა მიექციოს ადგილობრივი წარმოების წახალისებას, უცხოელი ინვესტორების მოზიდვას, გლობალურ ტურისტულ ბაზარზე საქართველოს კიდევ უფრო მეტად წარმოჩენას – როგორც უსაფრთხო, საიმედო, ბიზნესის კეთების მხრივ, ერთ-ერთი მოწინავე და მშვიდობიანი. ამასობაში, ოკუპირებულ აფხაზეთში „საპრეზიდენტო არჩევნები“ ჩატარდა. გაიმარჯვა ასლან ბჟანიამ, რომელიც ამბობს: სოხუმსა და თბილისს შორის დიალოგი უნდა იყოს, როგორ ფორმატში, რა ფორმით, მნიშვნელობა არ აქვს. იმედისმომცემია. თუმცა, ჯერ ყველამ ერთად კორონავირუსი უნდა დავამარცხოთ პლანეტაზე.

ადამიანური ტრაგედიების გარდა, ამ გლობალურ პანდემიას პოზიტიური მხარეც აქვს. ცხადია, ადამიანის სიცოცხლეზე ძვირფასი არაფერია, მაგრამ პოზიტივში ვგულისხმობ შემდეგს: სახლში გამოკეტვით დედამიწამ ამოისუნთქა; დაიწმინდა ჰაერი; თითქმის ყველგან მინიმუმამდეა დაყვანილი პოლიტიკური პოლარიზაცია, რადგან ერთ უხილავ საერთო მტერს ვებრძვით; საქართველოში მოსალოდნელია დემოგრაფიული სიტუაციის გაუმჯობესება – „ბეიბი ბუმი“.

და ბოლოს – ფრთხილი ოპტიმისტური პროგნოზით, ‘სინათლე გვირაბის ბოლოში’ რამდენიმე კვირაში გამოჩნდება ”, – განმარტა გია აბაშიძემ.

მოამზადა თორნიკე კუჭაშვილმა


მსგავსი სიახლეები